ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს წინასწარ შედეგებს იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.
გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ჰყავდა წარდგენილი. მერობის კანდიდატი 48 წლის გიორგი მაჭავარიანია. ის 2011 წლიდან კანდიდატად წარდგენის დღემდე "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო. გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.
„გურჯაანის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა მიიღო 14 450 ხმა, ხოლო საპარლამენტო შუალედური არჩევნების ნაწილში, გორი-კასპის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გვაქვს შემდეგი სურათი – საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1 344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6,59%-ს შეადგენს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19 032 ხმა, რაც 93,4 პროცენტია,“ – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ელექტრონული დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის განცხადებით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი, შედგება შემაჯამებელი ოქმი.
გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51 პროცენტია. მათ შორის, გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი, 17 703 ამომრჩეველი.
კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია.
„მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი 17 703 ამომრჩეველი.“
დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა.
ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები. იმ უბნებზე სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი 103 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.
ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია დანარჩენ 30 უბანზე. მას შემდეგ, რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, დასკანერდება და ასევე პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 2 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, ამომრჩეეველთა კითხვები ძირითადად სიაში თავის გადამოწმებას და საარჩევნო უბნის მისამართის დაზუსტებას შეეხებოდა,“-განაცხადა ნათია იოსელიანმა.
შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კი, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა.